ომის დაწყების შემდეგ, ფრონტის ხაზზე საკუთარი წარუმატებლობების შესანიღბად ცრუ ნარატივების გავრცელება კრემლის პროპაგანდის სავიზიტო ბარათი გახდა. მიზანი ყოველ ჯერზე ერთია - უკრაინის დადანაშაულება იმაში, რასაც ხშირ შემთხვევაში, რუსეთი თავად გეგმავს.
ახლა რუსეთი უკრაინის მხრიდან მოსალოდნელ "საფრთხეზე" ალაპარაკდა - თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ამტკიცებს, რომ უკრაინა, შესაძლოა, თავისივე ტერიტორიაზე ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებას და შემდეგ, ოკუპანტი სახელმწიფოს დადანაშაულებას გეგმავდეს.
რა არის ე.წ. ბინძური ბომბი
ბინძური ბომბი რადიოაქტიური ნივთიერებების ან რადიაციის გამბნევი მოწყობილობაა, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობების, დინამიტის და რადიოაქტიური ნივთიერებების ერთობლიობას წარმოადგენს.
მისი აფეთქების შემთხვევაში, გარემოში იფრქვევა რადიოაქტიური მასალა და იწვევს სერიოზულ დაზიანებებს - ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ აფეთქების ადგილთან ახლოს, შესაძლოა, რადიაციასთან დაუცველნი აღმოჩნდნენ, რაც სეროზულ დაავადებას დაუყოვნებლივ იწვევს.
რას ამბობს რუსეთი
23 ოქტომბერს სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ფრანგ, ბრიტანელ, თურქ და ამერიკელ კოლეგებს უკრაინის მიერ ე.წ. ბინძური ბომბის შესაძლო გამოყენების საფრთხეზე ესაუბრა. შოიგუ ამტკიცებდა, რომ ამ ინფორმაციით "შეშფოთებულია".
მოგვიანებით, ეს ბრალდებები გაიმეორა რუსეთის რადიაციის, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ხელმძღვანელმა, იგორ კირილოვმა და განაცხადა, რომ უკრაინის მიზანი რუსეთის დადანაშაულება და მოსკოვის მიმართ ნდობის შელახვაა.
ამაზე წერა დაიწყეს რუსულმა კრემლისტურმა მედიებმა და აღნიშნეს, რომ ეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, უკრაინის სანდო წყაროებზე დაყრდნობით მოიპოვეს - მათი მტკიცებით, თითქოს "კიევის რეჟიმი უკრაინაში ცრუ დროშის თავდასხმას ამზადებს", რაც მსოფლიოს გარშემო ანტირუსული კამპანიის წარმოების მიზნით ხდება.
რას ამბობს უკრაინა
რუსეთის ბრალდებები უარყო დმიტრო კულებამ და მას აბსურდული უწოდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ უკრაინას არც "ბინძური ბომბი" აქვს და არც მის შეძენას გეგმავს.
"მეორეც, რუსეთი ხშირად სხვებს ადანაშაულებს იმაში, რასაც თავად გეგმავს", - დაწერა კულებამ.
უკრაინამ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მიერ ამ ბრალდებების შემოწმება მოითხოვა - დმიტრო კულებას თქმით, სააგენტო უკრაინაში ექსპერტების გაგზავნას დათანხმდა.
"რაფაელ გროსისთან სატელეფონო საუბრის დროს ოფიციალურად მოვიწვიე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რათა სასწრაფოდ გაგზავნოს ექსპერტები უკრაინის მშვიდობიან ობიექტებზე, სადაც რუსეთი მოტყუებით აცხადებს, რომ ბინძურ ბომბს ამზადებს. ის დათანხმდა. რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინა ყოველთვის იყო და რჩება გამჭვირვალე. დასამალი არაფერი გვაქვს," - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იმავე ღამეს კრემლის ბრალდებებზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ერთადერთია რეგიონში, რომელსაც მსგავსი იარაღის გამოყენება შეუძლია.
"თუ რუსეთი ამბობს, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, რაღაცას ამზადებს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: რუსეთმა უკვე მოამზადა ის. მჯერა, რომ მსოფლიო ყველაზე მკაცრი რეაგირება უნდა ჰქონდეს", - თქვა მან.
პასუხი მსოფლიოსგან
შოიგუს განცხადებას მალევე მოჰყვა საფრანგეთის, აშშ-ისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება, სადაც მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ბრალდებები ცრუა. მეტიც, მიუთითეს, რომ ეს, შესაძლოა, იყოს რუსეთის მიერ შემდგომი ესკალაციის კიდევ ერთი საბაბი.
"ჩვენ, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ხელახლა ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას რუსეთის მიმდინარე აგრესიის პირობებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. რამდენ ხანსაც საჭიროა გავაგრძელებთ უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, დღეს პენტაგონის პრესსპიკერმა, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა, პატ რაიდერმა აღნიშნა, რომ აშშ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში ე.წ. ბინძურ ბომბს ან ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ამას შესაბამისი რეაგირება ექნება. თუმცა მისი თქმით, ამ ეტაპზე, რუსეთის მიერ მათი გამოყენების ნიშნებს ვერ ხედავენ.